20 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის მიმართ ნდობის მანდატი იყოს ძალიან მაღალი - თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურებზე საუბრობს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მთავარი პროკურორი საზოგადოების მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს. 

მისი თქმით, სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი  მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ხელისუფლება კანდიდატის შერჩევისას იხელმძღვანელებს. 

ვიცე-სპიკერის განმარტებით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართება. 

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევაში წამყვანი როლი იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას აქვს.

„ჩვენი საერთო მიზანია ის, რომ მთავარი პროკურორის მიმართ ნდობის მანდატი საზოგადოების მხრიდან იყოს ძალიან მაღალი, სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ ყველა... მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი კანონმდებლობით არის საკმაოდ დეტალურად დარეგულირებული, ის ითვალისწინებს, მათ შორის, კონსულტაციებს საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან და სწორედ ასეთი კონსულტაციების მეშვეობით წარიმართება ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „კურიერის“ ინფორმაციით, მმართველი გუნდი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს იუსტიციის სამინისტრო უკვე იწყებს, უწყებამ პარლამენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს ოფიციალური კანდიდატი.

დღის ამბები