პრემიერის განცხადებას, სადაც გიორგი კვირიკაშვილი მზადყოფნას მხოლოდ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებთან შეხვედრაზე გამოთქვამს, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ეხმაურება.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერის განცხადებას დისკრიმინაციულს უწოდებს და აქციებს აანონსებს.
მაჩალიკაშვილის თქმით, პრემიერი მათ ტერორისტებად თვლის და აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილმა დისკრიმინაციული ნიშნით უარი თქვა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებთან შეხვედრაზე.
„ყველასთვის ნათელია აქ რაც ხდება. ახლა კვირიკაშვილი რატომ იძახის ჩემზე უარს, იმიტომ რომ მე ვარ მუსლიმი, მე ვარ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, მე ვარ ტერორისტი. მე რასაც ვაპირებ... ვაჩვენებ ამ სისტემას რასაც ვაპირებ!“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
როგორც მაჩალიკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ის პანკისელებს და სხვა რეგიონების მაცხოვრებლებს მოუწოდებს ჩამოვიდნენ თბილისში და გვერდით დაუდგნენ.
მარიამ კუბლაშვილის თქმით, აქციების ზუსტი თარიღი, დრო და ადგილი დაზუსტდება და ამის შესახებ უახლოეს დღეებში გაკეთდება განცხადება.