მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს მმართველი გუნდიდან პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ხვდებიან. გაფიცვის და შიმშილობის შეწყვეტას მემანქანეები იქამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი ანაზღაურება არ მოიმატებს.
მემანქანეები მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამენ. ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არიან, თუმცა, ჯერჯერობით მერიის მხრიდან შემოთავაზება არ გაკეთებულა.
გაფიცული მემანქანეები განცხადებით, თბილისის მერიის წარმომადგენლების მხრიდან შეთავაზების გაკეთების შემდეგ, ისინი ამ წინადადებას საერთო ყრილობაზე განიხილავენ და გადაწყვეტენ წავლენ თუ არა დათმობაზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ თუ მერია სამართლებრივ ბერკეტებს გამოიყენებს, „საია“ მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მემანქანეების უფლებები დაიცვან.
„როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ ამ პროცესში მზად ვართ ჩავერთოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ის განცხადებები, რა განცხადებებიც ჩვენ მოვისმინეთ ამ ეტაპამდე ქალაქის მერის ან მერის მოადგილის მიმართ, ეს სცილდება იმ საფუძველს, რასაც ისინი შეიძლება აპირებდნენ,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
მეტროპოლიტენი დღეს დილიდან გათიშულია. მიზეზი მეტროს მემანქანეების გაფიცვაა, ისინი ხელფასის გაზრდას 45% ითხოვენ. მეტროს პარალიზების გამო, დედაქალაქის მერიამ უფასო ავტობუსები დანიშნა.