მთავრობის ადმინისტრაციასთან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება. ადგილზე მივიდა სახალხო დამცველიც.
ნინო ლომჯარიას თქმით, ის ადმინისტრაციასთან მას შემდეგ მივიდა, რაც პრემიერის საჯარო განცხადებას გაეცნო.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერი მზად არის შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს მხოლოდ ომბუდსმენთან ერთად. პოლიტიკოსების გარეშე. ლომჯარიას თქმით, ის მზად არის ამ შემოთავაზებას დათანხმდეს.
„მოვედი იმიტომ რომ მოვისმინე საჯარო შემოთავაზება და შესაბამისად, მე მზად ვარ მივიღო ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა ამ შეხვედრაზე. ვერიდები პოზიციების გაჟღერებას, იმიტომ რომ მე არ ვარ მათი ადვოკატი და არც მათი წარმომადგენელი.
მე ვცდილობ მათი ინტერესების დაცვას ხელისუფლებისა და საგამოძიებო ორგანოების წინაშე“-განაცხადა ლომჯარიამ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა ზვიად კუპრავაც. კუპრავას ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, მისი თქმით, ის ზაზა სარალიძის თხოვნით მივიდა.
ადმინისტრაციასთან იმყოფება ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველი ნესტან ლონდარიძეც.