ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ სესიაზე დამტკიცდება. „კურიერის“ ინფორმაციით, მმართველი გუნდიდან კომისიის მუშაობაში ჩაერთვება მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ეკა ბესელია.
17 კაციან კომისიაში 9 დეპუტატი ევროპული საქართველოდან იქნება და ხელმძღვანელის პოსტსაც სწორედ საპარლამენტო უმცირეობის წევრი სერგი კაპანაძე ჩაიბარებს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი.
დარჩენილი რვა ქვოტიდან „ქართულმა ოცნებამ“ ორი „პატრიოტთა ალიანსს“ ერთიც დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუთმოს.
„კომისიის მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ პარლამენტმა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა მართლმსაჯულება ბოლომდე და სრულყოფილად განხორციელდეს და მოიხსნას ის შეკითხვები, რაც საზოგადოებას სარალიძის საქმესთან დაკავშირებით აქვს,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“.