20 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პარლამენტში შოთაძეს და სუბელიანს დაიბარებენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას განიხილავენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, მმართველი გუნდიდან კომისიის მუშაობაში ჩაერთვება მამუკა მდინარაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ეკა ბესელია.

17 კაციან კომისიაში 9 დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ იქნება და ხელმძღვანელის პოსტსაც სწორედ საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგი კაპანაძე ჩაიბარებს. დარჩენილი რვა კვოტიდან „ქართულმა ოცნებამ“ ორი „პატრიოტთა ალიანსს“, ერთიც დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს უნდა დაუთმოს. კომისიის შემადგენლობა ამ დროისთვის ვერ დამტკიცდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალურ მოძრაობას“ 16:00 საათამდე მისცა დრო, რომ გადაწყვიტონ იღებენ თუ არა კომისიის მუშაობაში მონაწილეობას.

"კურიერისთვის" კი ცნობილია, რომ “ ნაციონალური მოძრაობა” საგამოძიებო კომისიაში არ ჩაერთვება.

რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“ - კომისიის შემადგენლობაში იქნებიან ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერია, სერგო რატიანი, მამუკა ჩიქოვანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ოთო კახიძე.  

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობის ფარგლებში პარლამენტში დაიბარებენ ყველა იმ მაღალჩინოსანს, ვის მიმართაც მოზარდების მკვლელობის საქმეზე კითხვები არსებობს. მათ შორის ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს.

„საქმის გამოკვლევამდე გვარები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია ისედაც, ეს არის ბატონი შოთაძე, რომელიც გადადგა, იმიტომ რომ ვერ გამოიძია ეს საქმე და ვერ აწარმოა სისხლის სამართლებრივი დევნა როგორც საჭირო იყო, უნდა გამოვიკვლიოთ მისი მონაწილეობის ხარისხი საქმის წარმოებაში. რაც შეეხება მირზა სუბელიანს ის ერთ-ერთი ფიგურანტის ოჯახის წევრია.შესაბამისად მისი მონაწილეობის ხარისხი და ის დოზა,რა დოზითაც იყო ჩართული ეს უნდა გაიგოს საზოგადოებამ და ამას საგამოძიებო კომისია უზრუნველყოფს“- აცხადებს ოთარ კახიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაში იერარქიას მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, კომისიის მუშაობა წარმატებულად ჩაითვლება თუ საპარლამენტო გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთება ახალი გარემოებები.

„საგამოძიები კომისია არ არის შემოსაზღვრული რაიმე სტიგმებით არანაირი იერარქიულ დაქვემდებარებას არ აქვს რაიმე მნიშვნელობა მთავარი ესა თუ ის პირი იყოს აქტუალური კონკრეტულად ამ საქმესთან. დასკვნა წარმოადგენს დოკუმენტს სადაც აისახება საგამოძიებო კომისიის მუშაობა და რომელსაც სამართლებრივი ორგანო შესაძლებელია, თუკი დასკვნა იქნება ისეთ გარემოებაზე საუბარი, რომელიც იქნება ახალი, ეს ახლად მიჩნეულად ჩაითვალოს, გამოიყენოს როგორც შესაბამისი მტკიცებულება ამ გადაწყვეტილების შესაბამის ძალა გამოჩნდება კონკრეტულ საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში“-აცხადებს მათიკაშვილი.

საგამოძიებო კომისიას მუშაობისთვის სამთვიანი ვადა აქვს, თუმცა  შესაძლოა დასკვნა მანამდეც დაიდოს. კომისიის დასკვნა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში დასკვნა უნდა გაითვალისწინოს როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ.

დღის ამბები