პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, კონკრეტული მტკიცებულების მოკვლევას და მაღალჩინოსნების დაკითხვას უახლოეს დღეებში აპირებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიაში ყველა იმ პირს დაიბარებენ, ვინც ხორავას ქუჩის გამოძიებასთან შემხებლობაში იყო.
სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია გაირკვეს, რა მოხდა პროკურატურაში და რატომ მივიდა საქმის გამოძიება ამ შედეგებამდე.
„ჩვენ დავიბარებთ აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ამ საქმესთან, დაწყებული იმ ცნობადი სახელებით თუ გვარებით, რომლებიც გაჟღერდა ამ ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი ყოფილი პროკურორი, შოთაძე, რა თქმა უნდა, მირზა სუბელიანი, ასევე, ოჯახის წევრები, როგორც გარდაცვლილების, ისევე ჩამდენების ან ეჭვმიტანილების,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის თქმით, გამოძიების ფარგლებში კომისიაში საკმაოდ ბევრ ადამიანს დაიბარებენ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, სალომე ზურაბიშვილიც იქნება. მისი თქმით, კითხვები არა მხოლოდ ყოფილ მთავარ პროკურორთან აქვს, არამედ იმ თანამდებობის პირებთან, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებაში ჩართულები იყვნენ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სავარაუდო შემადგენლობა უკვე ცნობილია. 17-კაციან კომისიაში, უმრავლესობა ოპოზიციას ექნება.
დროებითი საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობას და უმცირესობასთან ერთად „პატრიოტთა ალიანსიც“ იქნება წარმოდგენილი.
დროებით საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი განაცხადა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ევროპული საქართველო“ გამოვიდა.