20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
დაიწყება პრეზიდენტის არჩევნები და ისე დაავიწყდებათ ეს საგამოძიებო კომისია, როგორც შარშანდელი თოვლი - რომან გოცირიძე

„სამი თვის შემდეგ დაიწყება პრეზიდენტის არჩევნები და ისე დაავიწყდებათ ეს კომისია, როგორც არ ახსოვთ შარშანდელი თოვლი,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ გააკეთა.

რომან გოცირიძე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოების უჩვენოს, რომ ამ კომისიის შექმნით პარლამენტში მნიშვნელოვანი რამ ხდება.

„კომისია უნდათ რაღაც ისტორიულ მოვლენად წარმოაჩინონ, არადა ავიწყდებათ, რომ 22-ჯერ იყო კომისია მოთხოვნილი და ყოველთვის ჩააგდო უმრავლესობამ და ახლა უნდათ, საზოგადოების თვალში წარმოაჩინონ თითქოსდა პარლამენტში რაღაც გმირობა ხდება,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძე მთავარი პროკურორის შერჩევასთან დაკავშირებით მესამე სექტორის მიერ იუსტიციის მინისტრის მიმართ გამოხატულ კრიტიკას და მისი გადადგომის მოთხოვნას ეხმაურება. გოცირიძე აცხადებს, რომ ამის ფონზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მნიშვნელოვანი საკითხი არ არის.

„იმ ვითარებაში, რაც ხდება დღეს საქართველოში დაწყებული პროკურორის გადაყენებით და დამთავრებული არასამთავრობოების პროტესტით წულუკიანთან დაკავშირებით, კომისიის შექმნა დღეს არ არის ნომერ პირველი თემა. ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას კომისიის მუშაობაში, წარმატებას ვუსურვებთ იმათ, ვინც მონაწილეობს. ეს არის სამთვიანი პროცესი, სამი თვის შემდეგ დაიწყება პრეზიდენტის არჩევნები და ისე დაავიწყდებათ ეს კომისია, როგორც არ ახსოვთ შარშანდელი თოვლი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას ექნება.

დროებითი საგამოძიებო კომისიას „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ევროპული საქართველო“ გამოვიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები