არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.
დასკვნის მიხედვით, ცხინვალის იზოლატროში მოკლული ქართველი ჯარისკაცი სასტიკად ნაწამებია.
არჩილ ტატუნაშვილის მამა აცხადებს, რომ შვილის ცხედრის ნახვის შემდეგ მან უკვე იცოდა, რომ ის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში სასტიკად აწამეს. გიორგი ტატუნაშვილს შეკითხვები აქვს ექსპერტებთან, რატომ არ მოხვდა დასკვნაში დაზინება შუბლზე და ცხვირზე.
„შუბლზე არ არის ნატყვიარიო. შეხვედრას ვაპირებ, რომ გამარკვიონ, რა არის ეს,“ - ამბობს ტატუნაშვილის მამა.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ შუბლზე არსებული ლაქა ნატყვიარია. გიორგი ტატუნაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მიერ გამოგზავნილ ექსპერტიზის დასკვნაშიც არ წერია ნატყვიარისა და გატეხილი ცხვირის შესახებ.
„რა უნდა იყოს მაშინ? თავიდან არ ეტყობოდა, მაგრამ მერე, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოიხატა. ცხვირთან დაკავშირებითაც, ცხვირი არ იყო თავისი. ფოტოზე ხომ ეტყობა, როგორი ცხვირი ჰქონდა, ცხედარი გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით. რუსულ დასკვნაშიც ეგრე ეწერა, ცხვირი მთელიო. როგორაა მთელი... საშინელი დალურჯებები იყო. უღმერთოდ აწამეს, რომ ვერ გატეხეს. ფოტოსურათები ვნახე, ერთი ადგილი არა აქვს მთელი,“ - ამბობს არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი.