„ივანიშვილისთვის წულუკიანის გაწირვა უფრო რთული იქნება, ვიდრე შოთაძის იმიტომ, რომ ის არ არის რიგითი პაიკი ივანიშვილის რეჟიმში,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ, გააკეთა.
თინათინ ბოკუჩავა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეხმაურება, რომლებმაც მთავრობას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, გადაყენებისკენ მოუწოდეს.
ბოკუჩავას განცხადებით, ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ივანიშვილმა თეა წულუკიანი გაათავისუფლოს.
მისი თქმით, ივანიშვილი სწორედ თეა წულუკიანის დახმარებით იგებს არჩევნებს.
„წულუკიანი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა იმიტომ, რომ მათ შორის ივანიშვილს „ულაგებს“ არჩევნებს და სწორედ თეა წულუკიანის მიერ აწყობილი საარჩევნო სიებით „იგებს“ ივანიშვილი არჩევნებს. ასე რომ, ცხადია, ივანიშვილს ის ძალიან სჭირდება, მაგრამ მაღალი საზოგადოებრივი ზეწოლის ფონზე, შეიძლება, ივანიშვილმა ისიც კი გაწიროს იმიტომ, რომ ცხადია, საბოლოო ჯამში, ივანიშვილისთვის მთავარია საკუთარი თავის გადარჩენა,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.
სამოქალაქო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გაერთიანდა და მთავრობას მისი გადაყენებისკენ მოუწოდებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი მთავარი პროკურორი ძველმა იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.
მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა იუსტიციის მინისტრმა უკვე დაიწყო და მან პარლამენტს კანდიდატურა ერთ თვეში უნდა წარუდგინოს.