ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა დაამტკიცონ დღეს დეპუტატებმა რიგგარეშე სესიაზე. 17-კაციან კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს და მის უმეტესობას ოპოზიციის წარმომადგენლები შეადგენენ. კომისია კონკრეტული მტკიცებულების მოკვლევას და მაღალჩინოსნების დაკითხვას უახლოეს დღეებში აპირებს - მათ შორის პირველ რიგში იქნებიან ირაკლი შოთაძე და მირზა სუბელიანი. კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ.
"ეფექტური იქნება იმიტომ რომ კომისიაში ყველა მოტივირებული არის შეფასება მიეცეს მომხდარს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ პოპულიზმს არ ექნება ადგილი. ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ეს პოპულიზმი ჩვევია,"-აცხადებს გია ვოლსკი.
საგამოძიებო კომისიის მომავალი თავმჯდომარე, "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე განმარტავს, რომ კომისია დაიბარებს ყველა იმ პირს, რომელიც ჩართული იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი გამოძიების პროცესში.
"ჩვენი მთავარი ამოცანა არის არამხოლოდ საქმეზე ნათელის მოფენა, არამედ იმის დადგენა, თუ რა მოხდა პროკურატურაში,"-აცხადებს სერგი კაპანაძე.
კომისიაში ჩართვაზე უარი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ."
"გადადგა გენერალური პროკურორი და არის მოთხოვნა რომ გადადგეს იუსტიციის მინისტრი და ყველა დამნაშავე ან მისი მფარველი ან პოლიტიკური პასუხისმგებელი პირი იყოს დასჯილი ან პოლიტიკურად ან სისხლისსამართლებრივი წესით, ამ შემთხვევაში ჩვენი მოთხოვნა ძალიან მაღალია და ჩვენ არ გვინდა თამასა დავიყვანოთ ძალიან დაბა დონეზე - კომისიის შექმნაზე,"-აცხადებს რომან გოცირიძე.