20 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ჩვენ გვსურს მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობები, თუმცა ამის საფასურად მეგობრების გაწირვას არ ვაპირებთ - პომპეოს მოადგილე

ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების სანაცვლოდ, საკუთარ პრინციპებს და მეგობრებს უღალატოს - ამის შესახებ მაიკ პომპეოს მოადგილემ მოადგილემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში „ჰერითიჯის ფონდში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

უეს მიტჩელის თქმით, საქართველო და უკრაინა ისტორიით და ხალხის არჩევანით დასავლეთის ნაწილია. მისი განცხადებით, აშშ-ის პრიორიტეტი რუსეთის აგრესიის გაკონტროლებაა. 

"კავკასიიდან ბალკანეთამდე და დუნაის ზემოთ სივრცე არის რუსეთის განახლებული გეოპოლიტიკური ინტერესების რეგიონი და ჩინეთის ახალი სამოქმედო მოედანი. უპირველესყოვლისა, ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის აგრესიის გაკონტროლებაა. ბოლო წლებში მოსკოვმა აღმოსავლეთ ევროპაში საზღვრები ძალით შეცვალა. ის აშინებდა და თავს ესხმოდა მეზობლებს, ეწეოდა დეზინფორმაციას და კიბერთავდასხმებს დასავლეთის წინააღმდეგ. ზრდიდა სამხედრო შეიარაღებას დასავლეთ საზღვრებზე. როგორც სახელმწიფო მდივანმა, პომპეომ განაცხადა, რუსეთის აგრესიული ქმედება ამ აგრესიის მიმართ წლების განმავლობაში რბილმა პოლიტიკამ განაპირობა. ეს უკვე დასრულდა. ჩვენ გვსურს მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობები, თუმცა ამის საფასურად ჩვენი პრინციპების და მეგობრების გაწირვას არ ვაპირებთ. მკაფიოდ ვუყურებთ გამოწვევებს და საფასურს ვუზრდით რუსეთს აგრესიისთვის, ვიდრე პრეზიდენტი პუტინი სხვა გზას არ აირჩევს,“- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპის და ევრაზიის საკითხებში განაცხადა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელი მოკავშირეების მხრიდან უფრო მეტი პასუხისმგებლობის აღება საერთო უსაფრთხოების გაძლიერებაზე. მისი თქმით, ევროპა არის გეოპოლიტიკური მეტოქეობის ადგილი და ის სერიოზულად უნდა აღქმული როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში.

„თუ უფრო ძლიერი ვიქნებით დღეს, ეს ნაკლებად სავარაუდოს გახდის, ხვალ ჩვენი მეტოქეებისთვის ომის გზის არჩევას. ამერიკა უჩვენებს პასუხისმგებლობის მაგალითს ამერიკული უსაფრთხოებისთვის, როდესაც მკაფიო ვალდებულებები აქვს ნატოსა და მეხუთე მუხლის მიმართ. ვადასტურებთ, რომ ნატო დასავლური თავდაცვის ფუნდამენტია და ვდებთ კონკრეტულ რესურსებს ევროპული თავდაცვისთვის. 2017 წლის იანვრის შემდეგ, “ევროპაში შეკავების ინიციატივისთვის” 11 მილიარდზე მეტი და ახალი დაფინანსება მოვითხოვეთ. თუმცა ჩვენი ძალისხმევა არასრულია და შესაძლოა, არაეფექტურიც იყოს, თუკი მის თანხვედრაში არ იქნება ევროპელი მოკავშირეების ნაწილის სურვილი, დაიცვან თავიანთი კონტინენტი. ევროპელებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ამერიკელები მეტად იზრუნებენ მათ უსაფრთხოებაზე, ვიდრე თავად ზრუნავენ. ჩვენ გვსურს, მოკავშირეებმა შეასრულონ ვალდებულებები და გეგმა, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის და ბიუჯეტის 20% მთავარ აღჭურვაზე დახარჯვის შესახებ 2024 წლისთვის,“- განაცხადა უეს მიტჩელმა.

 

 

დღის ამბები