"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის სამინისტროსთან აქციას მართავს და თეა წულუკიანის სახალხოდ გასამართლებას მოითხოვს. ოპოზიცია იუსტიციის მინისტრს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში მონაწილე პირების მფარველობას ედავება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო შენგელია არა მარტო მინისტრის გადადგომას, არამედ მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.
„ქალბატონმა თეა წულუკიანმა ხელი დააფარა ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მტკიცებულებების გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა და ეს არის თეა წულუკიანის მიერ ჩადენილი დანაშაული, მას აუცილებლად მოუწევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე პასუხისგება“-აცხადებს ბესო შენგელია.
პარტიის კიდევ ერთი წევრი, გივი კუბლაშვილი კი თეა წულუკიანს ვანო მერაბიშვილის კადრებთან დაკავშირებით, მირზა სუბელიანის მფარველობაში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამბობს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეს თანამდებობების შენარჩუნების გამო არ იძიებენ.
„ამ ადამიანმა ხელი დააფარა, როგორც მერაბიშვილის საქმეში აღნიშნულ თანამდებობის პირებს, შემდეგ ამ ფაქტებიდან გამომდინარე ხელი დააფარა უკვე მირზა სუბელიანს, ვინაიდან ამ ადამიანს როგორც ცნობილი გახდა აქვს კადრები, როგორ გამოყავთ ვანო მერაბიშვილი საკნიდან,“- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი კუბლაშვილი.