პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისია უნდა დაამტკიცოს. რიგგარეშე სხდომა ორი საათია, მიმდინარებს. დეპუტატები საგამოძიებო კომისიის ფორმირების საკითხს განიხილავენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, რადგან პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს დროის გაჭიანურებას ემსახურება.
„იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების თვალში უკვე სრულიად დისკრედიტირებულია ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მხოლოდ კომისიის შექმნა, როდესაც ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ არ იგეგმება იმ ოფიციალური პირების გათავისუფლება მათ შორის, იუსტიციის მინისტრის, რომელსაც აქ უმრავლესობის წარმომადგენელი კბილებით იცავს. ბატონო არჩილ, ჩვენი მოთხოვნა კი არ არის პროკურორის გამოცვლა, სრულიად საქართველოს საზოგადოება, მინდა ამ ტრიბუნიდან მივესალმო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ეს ხალხი არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ეს სისტემა არ ჩამოანგრიოთ, მოგიწევთ ამ სისტემის დანგრევას,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ სინანული გამოთქვა, რომ კომისიის შემადგენლობაში ფრაქციისთვის განკუთვნილი კვოტა სხვებს დაუთმო.
„მწვანეთა ფრაქციას“ ჰქონდა თავისი კვოტა ამ კომისიაში და დავთმეთ ჩვენი კვოტა სხვების სასარგებლოდ, რომ სისხლის სამართლის სპეციალისტები მოხვედრილიყვნენ ამ კომისიაში. მგონი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პოლიტიკური კი არა წმინდა პროფესიონალური და ობიექტური სახე ჰქონოდა ამ კომისიას. ახლა რაღაც სიმახინჯე ხდება ამ პარლამენტში. გულწრფელად გეუბნებით, რომ ვნანობ, არ უნდა დამეთმო სპეციალისტებისთვის და მე უნდა შევსულიყავი ამ კომისიაში. პასუხი იქვე უნდა გამეცა თქვენთვის, როდესაც ამ პიარს გააკეთებდით ორი ახალგაზრდა ბავშვის მკვლელობაზე,“- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ.
განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„განსაკუთრებული ილუზია, რომ უმცირესობის წარმომადგენლები აბაზე პიარს არ გააკეთებენ, ბატონო გია, ეცდებიან, მაგრამ ჩვენც მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ საზოგადოებას ვუთხრათ თითოეული დეტალის შესახებ. უნდა დავდოთ ამ კომისიის მუშაობის შედეგად ის შედეგი, რაც პირველ რიგში, ზაზა სარალიძეს კითხვებზე პასუხს გასცემს და საზოგადოებას გაუჩენს ობიექტურობის განცდას,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.