20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიება - საპარლამენტო კომისია მუშაობას იწყებს, ენმ კი დროის უშედეგოდ გაჭიანურებაზე საუბრობს

საპარლამენტო კომისია, რომელმაც ხორავას ქუჩის მკვლელობა უნდა გამოიძიოს, მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს. თავდაპირველად კომისია სამი უწყებიდან - პროკურატურიდან, შსს-დან და სასამართლოდან, საგამოძიებო დოკუმენტაციას გამოითხოვს. კომისიის წევრები ითხოვენ, რომ მათთვის მასალების მიწოდება არ გაჭიანურდეს, რადგან მუშაობისთვის ისედაც მცირე ვადა აქვთ. მასალების მიღების შემდეგ, პირველები, ვისაც დეპუტატები გამოკითხავენ, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ასევე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი იქნებიან. 

"დღეს და ხვალ დავიწყებთ კონკრეტულ შეხვედრებს, როგორც დაინტერესებულ მხარეებთან, ოჯახებთან ასევე დაზარალებულების, ასევე კომისიის ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებს,"-აცხადებს სერგი კაპანაძე. 

"ნაციონალური მოძრაობა" კომისიას უნდობლობას უცხადებს.

"ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში იქნება აუცილებლად გაწელილი და ვერაფერს ვერ დაადგენს იმიტომ, რომ აქ იმდენი დეტალია სამართლებრივი, რომ ვერანაირი საპარლამენტო კომისია აქ ვერაფერს ვერ დაადგენს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა ხორავას ქუჩის ტრაგედია, ეს არის დიდი განუკითხაობის, დიდი ცუდი მმართველობის შედეგი," - აცხადებს ნიკა რურუა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი კი აცხადებს რომ მსგავსი კომისიის მუშაობა, საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნების მაღალი სტანდარტია და ამ პროცესს შედეგი ექნება.

"ნაყოფიერი აუცილებლად უნდა იყოს, ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნებისთვის მაგალითი იმისთვის რომ როგორ ერთვება პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში რომ გამოვიძიოთ დანაშაულები და საზოგადოების დამოკიდებულება იყოს ძალიან ჯანსაღი," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

დღის ამბები