20 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხვალ გაიმართება. პარლამენტში კი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე "ევროპულ საქართველოს" წევრებთან ერთად მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

საკანონმდებლო ორგანოში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეა მიწვეული.

დღეს დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მართავენ კონსულტაციებს, რის შემდეგაც დაზუსტდება კომისიის მუშაობის დღის წესრიგი.

მესამე სექტორისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ იმას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის კუთხით მაღალჩინოსანთა წრე გაფართოვდეს და მათ შორის, პრემიერ-მინისტრამდე მივიდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩის საქმეზე შემხებლობაში მყოფ პირებს დაიბარებენ.

„თეა წულუკიანის საკითხი და პოლიტიკური საკითხი, ეს ცალკე თემა არის და მაგაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია, ყველასთვის ცნობილია. რამდენი ხანია ჩვენ ვითხოვთ, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს, მაგრამ ამ კონკრეტულ უაღრესად მნიშვნელოვანი არის, ვინ იქნება მთავარი პროკურორი, იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში, ბოლომდე უნდა მიიყვანოს პროკურატურამ და მთავარმა პროკურორმა,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის თქმით, სწორედ ამიტომ შეარჩია „ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურორის კანდიდატად შალვა შავგულიძე, რომელსაც კაპანაძის თქმით, მსგავსი ტიპის საქმეებში მუშაობის გამოცდილება აქვს.

მესამე სექტორი დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელისგან, სერგი კაპანაძისგან კომისიის მუშაობის ფორმატს გაეცნობა და ინიციატივებს შესთავაზებენ.

არასამათავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პრემიერმა მესამე სექტორის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს და  თეა წულუკიანი უნდა გადააყენოს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე აცხადებს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მირზა სუბელიანის და ირაკლი შოთაძის გარდა სხვა პირებიც გამოიკითხებიან.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომისიას საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს.

ვერძეული აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, უმჯობესი იქნებოდა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიას სხვა გახმაურებული საქმეებიც შეესწავლა, მათ შორის, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე.

დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობების გამოიძიებს, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით შეიქმნა და მას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

დღის ამბები