20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა - პრემიერი მოზარდების მკვლელობის საქმეზე საუბრობს 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახის წევრებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერმა დღეს პირველი კომენტარი მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამ თავად ხელისუფლებას კითხვის ნიშნები გაუჩინა.

პრემიერის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს.

გიორგი კვირიკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანსაც განმარტავს და აცხადებს, რომ პარლამენტს ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა აქციების დაწყებამდე ჰქონდა.

„პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მათ შორის, ჩვენშიც. სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ძალიან მნიშნველოვანია, ჩამოითვალოს ეს რეაგირებები, პარლამენტმა მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რაც დამეთანხმებით, რომ არის უპრეცენდენტო, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული მანამდე, სანამ რუსთაველზე აქციები იქნებოდა, ვინმემ, რომ არ მიიწეროს იმიტომ, რომ მაშინვე გაკეთდა განცხადებები,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერმა პოლიტიკური პარტიები ანგაჟირებულ ჯგუფებად მოიხსენია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აქციაზე არაადეკვატური მოთხოვნები გახმოვანდა.

„არ მინდა ამაზე ბევრი საუბარი, იქ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია, სამწუხაროდ და აბსოლუტურად არამართლზომიერ და სიტუაციისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი შს მინისტრთან ერთად მოკლული მოზარდების ოჯახის წევრებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა. შეხვედრაზე დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პრემიერს ულტიმატუმი წამოუყენა და 10 ივნისამდე მისი შვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირების დასჯა მოითხოვა.

ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია გუშინ დამტკიცდა. კომისიამ მუშაობა დღეს დაიწყო.  

დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

დღის ამბები