არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობა მოხვდა ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, ევროპელმა დეპუტატებმა კენჭი 14 ივნისს უნდა უყარონ.
ევროპარლამენტარების მხრიდან რეზოლუციის შემუშავების ფაქტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება.
ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მხარდამჭერ რეზოლუციაში ყველა ის საკითხი მოხვდება, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას.
მათ შორის არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკურ წმენდა და ოკუპანტების მხრიდან განხორციელებული დანაშაულები, რომლებიც ამ დრომდე დაუსჯელია.
„ამ დოკუმენტში არის ყველა ის საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აყენებდა საკითხს. ეს თავად ოკუპაციას და აგრესიას შეეხება, რომელიც 10 წლის განხორციელდა და ამ საკითხის დაგმობა და კიდევ ერთხელ მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის,“ - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
მმართველი გუნდის დეპუტატი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი პოლიტიკის არჩევის გამო მოიპოვა.
„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი სამშვიდობო პოლიტიკა გავატარეთ, სწორედ იმიტომ, რომ ერთგვარი თავშეკავების და მოთმინების პოლიტიკა გავატარეთ და ცალსახად ვაჩვენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობაზე ორიენტირებული, სწორედ ამიტომ არის ასეთი ცალსახა მხარდაჭერა ევროკავშირიდან,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.
წინასწარი ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტს ევროპელმა დეპუტატებმა კენჭი 14 ივნისს უნდა უყარონ. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობის საქმე, ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში მოხვდა.
სესიაზე მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რის შემდეგ დებატები დაიწყება.
„კურიერის“ ინფორმაციით, რეზოლუციის ტექსტში არაერთხელ არის გამოყენებული ტერმინი „ოკუპაცია“.