სახელმწიფომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, მთავარი პროკურორის გადადგომა იყო უპრეცენდენტო - ამ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის გადადგომას და ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ასევე უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა, როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას საპარლამენტო უმცირესობა ხელმძღვანელობს.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო რუსთაველზე აქციის გამართვამდე, რათა ეს ვინმემ არ მიიწეროს და ამის შესახებ განცხადებები მაშინვე გაკეთდა,”-განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე არსებულს კითხვებს პასუხები უახლოეს პერიოდში, გონივრულ ვადაში გაეცემა. პრემიერი საზოგადოებას მოუწოდებს, შედარება გააკეთონ წინა ხელისუფლებასთან.
“ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი გამოიჩინა მთავარმა პროკურორმა და თანამდებობიდან მყისიერად გადადგა, რაც ვფიქრობ, რომ ასევე უპრეცედენტოა. მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო, გააკეთონ შედარება, როდესაც ხალხი თვეობით იდგა ქუჩაში და სახელმწიფოს მხრიდან არ იყო აბსოლუტურად არანაირი რეაგირება და როგორ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე დღევანდელი ხელისუფლება“-განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.