20 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ - პრემიერი აქციებს ეხმაურება

ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს, თუმცა ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება - საქართველოს პრემიერი დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ აქციებს ეხმაურება. განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

პრემიერმა იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის გადადგომას ეხება. 

კვირიკაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი შეეცადა არსებული სიტუაცია გამოეყენებინა და არაადექვატური მოთხოვნები დააყენა.

„არ მინდა ბევრი საუბარი იმაზე, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ჯგუფებმა, სამწუხაროდ, როგორ გამოიყენეს ეს სიტუაცია და აბსოლუტურად არამართლზომიერ, ვითარებისადმი არაადეკვატურ მოთხოვნებს აყენებდნენ და აყენებენ. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

ამ საზოგადოებას უცხოვრია იმ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო აბსოლუტურად არ უსმენდა ხალხის ხმას, სადაც თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომის მიუხედავად, რეაგირება ნულის ტოლი იყო. დღეს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, სადაცა ხელისუფლებას ადარდებს ხალხის აზრი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც შეცდომებიც აქვს და უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ამ შეცდომებზე ხდება ადეკვატური რეაგირება, საპასუხო პოლიტიკური ქმედებების დაგეგმვა”-განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში საპროტესტო აქციები თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტური გამოძიების და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აქციები პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გაიმართა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი - მთავრობის გადადგომის მოთხოვნა დააყენეს. 

დღის ამბები