20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
სარალიძის პასუხი ბესელიას - "ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, იმას როგორ უნდა ვენდო?"

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ეკა ბესელიას მიერ დღეს მისი მოთხოვნის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. 

ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობიდან ეკა ბესელიას აცილება მოითხოვა და მას უნდობლობა გამოუცხადა, რაზეც ეკა ბესელიამ თქვა, რომ სარალიძე პოლიტიკურ გზავნილებს აჟღერებს. 

სარალიძის განცხადებით, ეკა ბესელია შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც მას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან აიგივებს. ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას პასუხად კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის პოლიტიკას ემიჯნება და მას მხოლოდ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება აინტერესებს.

"ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, იმას როგორ უნდა ვენდო?" - განაცხადა სარალიძემ.

ეკა ბესელიამ ზაზა სარალიძეს დღეს სოციალური ქსელიდან მიმართა  და პოლიტიკური გზავნილის გაკეთებაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ზაზა სარალიძემ დროებითი საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილება მოითხოვა.

ზაზა სარალიძემ ეკა ბესელიას ბრალდებებს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხა.  ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას, როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს, უნდობლობას უცხადებს და მის აცილებას ითხოვს.

დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ პარლამენტში ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას სრულად ენდობა და კომისიასთან თანამშრომლობას გეგმავს.

ზაზა სარალიძის თქმით, თუ კომისიის შემადგენლობაში ეკა ბესელია იქნება, ის კომისიასთან არ ითანამშრომლებს.

ზაზა სარალიძე იმ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ მისი შვილი თითქოსდა მოძალადე იყო. ზაზა სარალიძე 51-ე სკოლის ადმინისტრაციასაც მიმართავს და მოუწოდებს რეალური ინფორმაცია გამოააშკარაონ.

ზაზა სარალიძემ ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, თუ ხორავას საქმის გამოძიება არ მოხდება.

დღის ამბები