20 ნოემბერი 2024,   05:16
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - "პატრიოტთა ალიანსმა" დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას ულტიმატუმი წაუყენა

"პატრიოტთა ალიანსი" ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საპარლამენტო კომისიის დატოვებას აანონსებს. 

განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომაზე გააკეთა. 

ადა მარშანია კომისიის წევრებს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ კომისიის წევრებად იმ შემთხვევაში დარჩებიან თუ კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე გაფართოვდება.

ადა მარშანია მოითხოვს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე გაფართოვდეს ან ახალი კომისია შეიქმნას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებებს გამოიძიებს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა ამ კომისიაში არ დარჩება, ვერ იმუშავებს ან ორი წინადადება გვაქვს თუ გინდათ გაგრძელება მუშაობის. ორივე წინადადება, ალბათ, აბსურდულია, ამასაც წინასწარ ვამბობ, იმიტომ, რომ აბსურდის თეატრში ვიმყოფებით ჩვენ და არა საქართველოს პარლამენტში. პირველი, გაფართოვდეს თემა, საკითხთა წრე და ამ საზარელი და უმძიმესი დანაშაულის გარდა გამოიძიოს კომისიამ სხვა ცნობილი და გასაგებია, რაზე ვსაუბრობ მე, დანაშაულებები იმ რეჟიმის ან პარალელურად შევქმნათ, მეორე აბსურდული კომისია, იმიტომ, რომ მე აქ უკვე სერიოზულად საუბარი მიჭირს, რეჟიმის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, მათ ისაუბრონ თავის დანაშაულებებზე მათი მმართველობის დროს, ობიექტურად გამოიძიონ მათი ქმედებები და გამოუტანონ თავიანთ თავს ობიექტური განაჩენი მაქსიმალურად. ამ ჩემს განცხადებაზე კომისიის პასუხი ან დღესვე თუ მზად იქნება კომისია, ან ამ დღეებში,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი და მას "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.

დღის ამბები