20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
ამ კომისიის სხდომა არის ერთ-ერთი პიკი თქვენი ცინიზმის - ადა მარშანია "ქართულ ოცნებას" მიმართავს

„დამთავრდა ბატონებო თქვენი დანამუსება, ამ კომისიის სხდომა არის ერთ-ერთი პიკი თქვენი ცინიზმის,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ადა მარშანიამ მმართველი გუნდის მისამართით გააკეთა.

ადა მარშანიამ ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ მისთვის კომისიის შემადგენლობა მიუღებელია.

ადა მარშანია დროებით საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობას აპროტესტებს.

„თითქმის 6 წლის თავზე ჩვენ მივედით ამ კომისიის შექმნამდე. ეს აბსურდი დავაკანონეთ, მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, კომისიის შემადგენლობას. აბსურდი დავაკანონეთ, მორალი, ზნეობა, ნამუსი, სინდისი გამოვაცხადეთ სასაცილო ცნებებად და სასაცილო კატეგორიებად. დაიწყო უსამართლოებების და დანაშაულებების და არასწორი პოლიტიკის დაგროვება. ეს თოვლის გუნდასავით დაიწყო და უზარმაზარი გახდა,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიამ დღეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე ულტიმატუმი წამოაყენა. მარშანია მოითხოვს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე გაფართოვდეს ან ახალი კომისია შეიქმნას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებებს გამოიძიებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს პირველად ჩატარდა. დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიცია უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი და მას "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები