20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა თავისი დანაშაულებრივი სახე - ოპოზიცია სამართალდამცავების მიერ კარვების აღებას აკრიტიკებს

საპატრულო პოლიციის მიერ რუსთაველის გამზირიდან კარვების გადატანის შემდეგ პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ. პოლიტიკოსები სამართალდამცავების ქმედებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ქმედებები უკანონო იყო.

საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აქციები უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს და გაგრძელდება.

„დაგეგმეს, როგორც სჩვევიათ, სულელური ოპერაცია. ვერ გაითვალისწინეს თავიანთ წინამორბედთა გამოცდილება, რომლებიც ყოველი დარბევის შემდეგ უფრო და უფრო ემშვიდობებოდნენ ხელისუფლებას და ბოლოს დამთავრდა ეს მათი სრული შეცვლით, თუმცა, ეს ივანიშვილის გარეშე არ ხდებოდა არც მაშინ. სწორედ ის უყურებდა 7 ნოემბერს სოლოლაკიდან კმაყოფილი, აქ, რომ გვარბევდა მის მიერ დაფინანსებული სპეცრაზმი და ახლა თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ მაშინაც ივანიშვილი იყო მთავარი ფიგურა და ფაქტორი ამ დევნის და პოლიტიკური რეპრესიების, ვფიქრობ, რომ დღეს დარწმუნდა ხელწერის სრული მსგავსებით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მშვიდობიან აქციაზე სამართალდამცავთა მიერ კარვების დაშლას აკრიტიკებს.

„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი დანაშაულებრივი სახე. მათ აბსოლუტურად მშვიდობიან პროტესტს ასეთი ქმედებით უპასუხეს. აბსოლუტურად არალეგიტიმური ქმედებით უპასუხეს, იმიტომ, რომ ყველანაირი უფლება აქვთ ამ ადამიანებს, გამოხატონ პროტესტი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილზე განთავსებული კარვები პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს, თუმცა, ამის შესახებ აქციის ორგანიზატორებისგან თანხმობა არ ჰქონიათ. ზაზა სარალიძის თქმით, კარვების გადატანასთან დაკავშირებით მას სამართალდამცავებთან არ ჰქონია კომუნიკაცია.

ამ დროისთვის კარვებში აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან და ის სრულად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქვთ დაკავებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები