„ხელისუფლებას ნუ ჰგონია, რომ ამ მძიმე ვითარებას როგორმე გადააგორებს“ - ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიციის წევრი რომან გოცირიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დღეს განვითარებულ მოვლენებს.
სამართალდამცველებმა დღეს სავალი ნაწილი კარვებისგან გაათავისუფლეს და აქციის 10-მდე მონაწილე დააკავეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ აქციის მონაწილეების პროტესტი ლეგიტიმურია და ხელისუფლებამ ის არ უნდა გააიგივოს წინა ხელისუფლების დროს "გრეჩიხას" საკნებთან, რადგან ეს შვილმკვდარი ოჯახების პროტესტია.
"დღეს რუსთაველზე იმყოფებიან შვილმოკლული მშობლები და ნურავის შეეშლება ეს კარავი, რომელიც აქ დგას გრეჩიხას საკანში. ეს საკნები სამი თვე იყო განლაგებული რუსთაველზე და იყო ფაქტობრივად ქუჩა გადაქცეული სანაგვედ და იმ პროტესტის პერიოდში გადადგა მიხეილ სააკაშვილის, პრეზიდენტი და რა გახდა წულუკიანის გადადგომა? ითხოვენ ელემენტარულს, “- აცხადებს რომან გოცირიძე.
მომხდარს ეხმაურებიან "ევროპული საქართველოს" წევრები. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი ასევე აცხადებს, რომ პროტესტის ის ფორმა, რომელსაც შვილმოკლული ოჯახები მიმართავენ კანონის ფარგლებში ჯდება. მისივე თქმით, ოპოზიცია მხარს უჭერს იმ მშვიდობიან აქციას, რომელსაც ზაზა სარალიძე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მართავს.
„ნებისმიერი აქცია ნებისმიერი პროტესტის ფორმა, რომელიც იქნება მშვიდობიანი არის ლეგიტიმური და ჩვენ მიერ იქნება გამართლებული, რომელსაც მიმართავს ზაზა სარალიძე. ჩვენ, ცხადია, მას არ უნდა ავკიდოთ არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ის იბრძვის კონკრეტული მიზნით, პოლიტიკური პარტიების ამოცანა და მიზანია, რომ მას გვერდით დაუდგნენ ამ ბრძოლაში“-აცხადებს ირმა ნადირაშვილი.