20 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
მთელ რუსთაველზე დაგვსდევდნენ ასე და ტენიდნენ ადამიანებს მანქანებში - თინათინ ბოკუჩავა ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებაზე საუბრობს

„პოლიცია მოქმედებდა სრულიად ქაოტურად, იმიტომ, რომ ბოლო მომენტში მიიღო რომელიღაც მაღალჩინოსანმა, რომ თავს დაგვსხმოდნენ ჩვენ,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის წინ გააკეთა.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, პოლიციამ ნიკა მელია და ირაკლი ნადირაძე დააკავა. მისი თქმით, მის დაკავებასაც გეგმავდნენ, თუმცა, მის გვერდით მყოფებმა არ მისცეს ამის საშუალება სამართალდამცავებს.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, მან დაზუსტებით იცის, რომ 4 პირია დაკავებული, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ უფრო მეტი აეყვანათ სამართალდამცავებს.

„მთელ რუსთაველზე დაგვსდევდნენ ასე და ტენიდნენ ადამიანებს მანქანებში. წარმოუდგენელია, როდესაც შვილმოკლულ მამებს უდგახარ გვერდზე სრულიად მშვიდობიან აქციაზე, რომელიც არც ისეთი მრავალრიცხოვანი იყო, რომ საფრთხე შექმნოდა ივანიშვილისთვის, რა დაემართათ. იმდენად პანიკაში არიან გახარიას უწყება, რა თქმა უნდა, ახლა გახარიას აქვს ეს დავალება მიღებული ივანიშვილისგან პირადად, რომ რაღაცნაირად ჩააწყნაროს ეს სიტუაცია,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

პარლამენტის შენობის ეზოში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს. პარლამენტთან ასეულობით სამართალდამცავია მობილიზებული.

სამართალდამცავებმა ასევე დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, რომლებიც მანამდე თავად პოლიციელებს ჰქონდათ დაკავებული და აქციის მონაწილეებს კარვებში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

დღის ამბები