„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კვიტაიშვილი ინგოროყვას კლინიკაში მომხდარ ინციდენტს დეტალურად იხსენებს.
ნინო კვიტაიშვილის თქმით, ინგოროყვას კლინიკაში ტრავმატოლოგმა, მურთაზ მამაგეიშვილმა პოლიტიკური კუთვნილების გამო სამედიცინო მომსახურების გაწევაზე უარი უთხრა.
კვიტაიშვილის თქმით, ექიმმა მკურნალობაზე უარი მას შემდეგ უთხრა, რაც გაიგო, რომ მან სხეულზე დაზიანებები რუსთაველის წინ მიმდინარე აქციაზე მიიღო და რომ ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია.
მისივე განცხადებით, მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, თუმცა, ტრავმატოლოგს აღარ გაუსინჯავს.
„მისი მხრიდან იყო მხოლოდ ორი შეკითხვა დასმული, ეს გახლდათ ერთი, რომ რა მჭირს და ავუხსენი, რომ სხეულზე, ვფიქრობ, რომ მაქვს დაჟეჟილობის კვალიც იმიტომ, რომ ძალიან მტკივა სხეული, ეგ არაფერი და უკვე მეორე კითხვა იყო, კი, მაგრამ, სად მიიღე ეს, იქ ხომ არ იყავი. რაზეც მე ვუპასუხე, რომ დიახ, ვიყავი აქციის მონაწილე და ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამაზე პასუხად მან მომიგო, რომ ვარ მეტის ღირსი. ამის შემდგომ აპირებდა საუბრის გაგრძელებას ძალადობის მიმართულებით და ნამდვილად არ ვიცი, რა წარსულზე უნდა ესაუბრა იმიტომ, რომ რაღაც მსგავსს, ოღონდ უფრო დაბალ ხმაზე მოვკარი ყური და ჩემი პასუხი იყო, რომ რაზეც არ უნდა მესაუბროთ ახლა შსს-ს მხრიდან ჩემზე განხორციელებულ ძალადობას ეს ვერ გაამართლებს და როცა მას არ მოეწონა ეს პასუხი, უბრალოდ, დატოვა ოთახი ძალიან სწრაფად,“ - განცხადა კვიტაიშვილმა.
კვიტაიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე პოლიციასთან დაპირისპირებისას დაშავდა.
ინგოროყვას კლინიკის ტრავმატოლოგის, მურთაზ მამაგეიშვილის საქმეს ექიმთა რეგულირების საბჭო სწავლობს. მამაგეიშვილი სამსახურიდან უკვე დაითხოვეს.