გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ მთავრობის მთელ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდა. ახალ პრემიერთან ერთად პარლამენტმა კენჭი მთავრობის მთლიან შემადგენლობასაც უნდა უყაროს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოსტს რამდენიმე მინისტრი ვერ შეინარჩუნებს, მათ შორის არის თეა წულუკიანი. "კურიერის" წყაროს ინფორმაციით, შესაძლებელია იუსტიციის მინისტრის პოსტი თამარ ჩუგოშვილმა დაიკავოს.
„ძალიან მალე უკვე ცნობილი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობა. ამ შემადგენლობაშიც განვიხილავთ მოქმედ მთავრობის წევრებს. ასევე იქნებიან წარმოდგენილები ახალი წევრებიც, თუმცა კონკრეტულად ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას, ახალი სახეები ახალი კანდიდატურები ამას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს. ის მოთხოვნები რომელიც ქალბატონი თეას მიმართ არსებობდა, ის არგუმენტები რის გამოც გარკვეული ჯგუფები არასამთავრობოების ითხოვდნენ მის გადადგომას, მე პირადად მიმაჩნია უსაფუძვლოდ,“-განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კახიანმა.