20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმების სრული უმრავლესობით მიიღო. დოკუმენტი აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებთ მომზადდა.

ამიერიდან ევროპარლამენტს გააჩნია რეზოლუცია სახელწოდებით - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ.“

რეზოლუცია 20 პუნქტს მოიცავს. ცალკე თავი ეთმობა ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის მკვლელობებს და სანქციების დაწესების საკითხს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება.

„რეზოლუცია ყოვლისმომცველია და მოკლედ და დეტალურად აღწერს არსებულ ვითარებას, ამავდროულად აფასებს ჩემი რეგიონის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერთა გადაწყვეტილებას, ლეხ კაჩინსკის მეთაურობით, რომლებიც ომის დღეებში გაემგზავრნენ საქართველოში, რომ რუსეთის ჯარის სვლა თბილისისკენ შეეჩერებინათ. რაც 10 წლის წინ მოხდა, არის გაკვეთილი და გამაფრთხილებელია სიგნალი საერთაშორისო გაერთიანებისთვის რომ ჩვენ საქართველოს გვერდით უნდა ვიდგეთ,“- განაცხადა ევროპარლამენტარმა, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ფრაქციის წევრმა, ანა ელიზაბეტა ფოტიგამ.

ევროპარლამენტის დეპუტატის, ელმარ ბროკის თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესია გრძელდება.

„რუსეთს ამ რეზოლუციით ვაჩვენებთ, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები კვლავ საერთაშორისო გაერთიანების დღის წესრიგში დგას. არ უნდა დავივიწყოთ, რაც საქართველოში და შემდეგ უკრაინაში მოხდა. რუსეთი იყენებს გაყინულ კონფლიქტებს ქვეყნების დასაყოფად, მისი ბერკეტი იყო მცდელობა მიეთვისებინა მილსადენი, დაეკავებინა ქვეყნის მთავარი მაგისტრალი. აგრესია გრძელდება და ეს უნდა შეწყდეს, რუსეთმა უნდა დატოვოს ეს ქვეყანა, რადგან სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაკავება არის ოკუპაცია,“- განაცხადა ბროკმა.

კენჭისყრას საქართველოს ელჩი, ნატალია საბანაძე და ასევე პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ესწრებოდნენ. მათი თქმით, რეზოლუცია არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები