სატრანსპორტო კოლაფსის ფონზე, მეტროს მემანქანეებს კახი კალაძემ ხელფასის მომატებაზე თანხის არარსებობის გამო უარი უთხრა, სამაგიეროდ თბილისის მერი მიმდინარე წლის ბიუჯეტს 10 მილიონით ზრდის.
შედარებისთვის კი 220 მემანქანის ანაზღაურების მომატებისთვის დაახლოებით 700 ათასი ლარიც საკმარისი იქნებოდა.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ გაზრდილი ბიუჯეტიდან თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება, ნახევარი მილიონი კი მერიის სარეზერვო ფონდში გადავა.
„ეს არის იმ აუცილებლობით განპირობებული რომლითაც არის მოთხოვნა შემოსული, იგივე ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია განხორციელდა,სადაც დაზარალებულები გვყავს. გარკვეული ნაწილი გადახდილია, მაგრამ დარჩენილია, სწორედ ამ მიზნისთვის არის განპირობებული“-აცხადებს თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.
ოპოზიცია სარეზერვო ფონდიდან თანხის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ საუბრობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, საარჩევნოდ აქტივისტები სწორედ სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდებიან.
„სარეზერვო ფონდს ემატება ნახევარი მილიონი ლარი, რომელი ფონდიდანაც ჩვენ ვნახეთ, რომ გია გაჩეჩილაძე 30 ათასი ლარი გადაერიცხა, ამ ფონდიდან უკონტროლოა ხარჯი და ზრდიან იმ მუხლს რომელიც მათთვის არის კომფორტული“-აცხადებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. როგორც ცნობილია, ნახევარი მილიონი ლარი ასევე თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას დაემატება. "ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ,რომ ამ თანხებით მემანქანეების ხელფასის მომატება და სატრანსპორტო კოლაფსის ახალი საფრთხის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი.
„მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ქალაქ თბილისის მერია უფრო პასუხისმგებლობით ყოფილიყო მოკიდებული ამ საკითხს და აღნიშნული თანხების გამოთავისუფლების შემთხვევაში ამ ადამიანების პირობები ყოფილიყო დაკმაყოფილებული“-აცხადებს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ დავით ჟღენტი.