საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხება.
გარდა ამისა, ფრაქცია “ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარის განცხადებით, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს. მისი თქმით, წულუკიანმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დაწყებული დავა.
„კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები იუსტიციის მინისტრის გადაყენების, შეცვლის, იმიტომ, რომ მას სერიოზული პროცესი აქვს წამოწყებული ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და ველოდებით ამ სასამართლოს შედეგს და აუცილებლად ბოლომდე უნდა დარჩეს, რომ შემდეგ გააგრძელოს ეს პროცესი,“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძე ასევე, აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს გარემოს დაცვის სამინისტროს კვლავ ცალკე გამოყოფას და მისი თქმით, ამ საკითხს პარლამენტში აუცილებლად დააყენებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალმა პრემიერმა უნდა წარადგინოს. პრემიერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ დაასახელა.