მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ახალ მთავრობას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მთავრობა გადადგა საზოგადოებაში არსებული პროტესტის გამო, მაგრამ მხოლოდ პრემიერის შეცვლა არაფერს ცვლის.
რომან გოცირიძის განცხადებით, აუცილებელია, გადადგეს ყველა ის მინისტრი, რომელსაც რაიმე სახის შეხება აქვს მოზარდების მკვლელობის საქმესთან. გოცირიძე აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს იუსტიციის მინისტრი.
„მთავრობა შედგება ორი ნაწილისგან ერთი არის ის, რომელიც აფუჭებს საქმე-პირდაპირ მავნებლები და მეორე რომელიც არ აკეთებენ საქმეს - ანუ უქნარები. პირველ რიგში უნდა წავიდეს ის ხალხი, რომელმაც ზიანი მიაყენა ქვეყანას. ჩაიდინა მრავალი ბოროტება, შექმნა უსამართლო, ძალადობრივი სისტემა და ქვეყნა მიიყვანა ასეთ უმძიმეს სიღარიბემდე, რასაც ამტკიცებს საერთაშორისო გამოკითხვები.
ეს იყო უსამართლობის ტალღაზე გადამდგარი მთავრობა. პირველ რიგში უნდა წავიდეს ყველა ძალოვანი და უნდა წავიდეს იუსტიციის მინისტრი. ასევე ამ საქმესთან ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული ყველა პირი სოზარ სუბარით დაწყებული დამთავრებული შს მინისტრით.
მთავრობის გადადგომა არის სერიოზული პოლიტიკური აქტი თუ მთავრობის გადადგომა მივიდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძის წასვლამდე მაშინ ეს არის აბსურდი, პიროვნული თვისებებით კვირიკაშვილი და ჯანელიძეც ათი თავით სჯობია იმ მავნებლებს, რომელთა დატოვებასაც ივანიშვილი აპირებს,“- აცხადებს რომან გოცირიძე.
მთავრობის სრულად შეცვლაში ხედავს გამოსავალს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს და პრობლემებს მხოლოდ მინისტრთა სახელებისა და გვარების ცვლა ვერ მოაგვარებს.
„პრობლემა იმაშია, რომ ამ პროცესში არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ლოგიკა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ ყველაფერი წყდება დახურულ კარს მიღმა. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრემიერობის კანდიდატ შეარჩიეს ადამიანი,რომელიც თვითონ ამ გუნდში კი ყველაზე ნაკლებად გამოცდილია, არ იცნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას არ ესმის ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემები და ხალხში არსებული გაჭირვება.
ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მთლიანად შეცვლა მშვიდობიანი გზით და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება ცალკეულ პოზიციებზე“- აცხადებს დავით ბაქრაძე.