"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, კახა კალაძე მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მსჯელობა უკვე დაწყებულია.
კახა კალაძის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე უახლოეს მომავალში დაასახელებს ახალი მთავრობის შემადგენლობას.
თბილისის მერის თქმით, პრემიერობის კანდიდატი, მამუკა ბახტაძე ღირსეული პიროვნებაა და კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ბახტაძე ბევრ მნიშვნელოვან რეფორმას განახორციელებს.
„მამუკა არის ღირსეული ადამიანი, ამას იმიტომ, არ ვსაუბრობ, რომ ჩემი მეგობარია. მართლაც, ღირსეული პიროვნება არის, არის განათლებული ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მამუკას ხელმძღვანელობით, მისი პრემიერობით ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება და ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალმა პრემიერმა უნდა წარადგინოს. მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად ფინანსთა ყოფილი მინისტრი, მამუკა ბახტაძე გუშინ დაასახელა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტთან უკვე გადაგზავნილია. პრეზიდენტის თანხმობის შემდეგ მთავრობის მომავალი წევრები და სამოქმედო პროგრამა პარლამენტს მამუკა ბახტაძემ ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.
კენჭისყრამდე კი კომიტეტებსა და ფრაქციებში განიხილება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ კი პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე უნდა იმსჯელოს.