სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი წერს, რომ პოლიციელის სიცოცხლე ივანიშვილის ხის გადატანამ და კრიმინალების მიმართ ხელისუფლების შემწყნარებლურმა პოლიტიკამ შეიწირა.
„ივანიშვილის ხემ და ივანიშვილის მიერ დამკვიდრებულმა კრიმინალების მიმართ შემწყნარებლობამ შეიწირა უწესიერესი ადამიანი, სამი შვილის მამა, ბუტა ანთაძე...
ქობულეთის პოლიციის უფროსი დაკავებული იყო ივანიშვილის მორიგი ხის გადატანის დაცვით.
ამ დროს მას მიეპარა კრიმინალი, რომელსაც ქურდად კურთხევა უნდოდა, ამ მიზნით პოლიციელის მკვლელობა გადაწყვიტა და ზურგში დარტყმით მოკლა.
მართლა ვეღარ ვცნობ ჩვენს ქვეყანას,“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მუხაესტატეს პოლიციის უფროსს, დღეს დილით, გამთენიისას იმავე სოფლის მკვიდრმა სასიკვდილო ჭრილობა ზურგიდან მიპარვით მუცლის არეში მიაყენა. 35 წლის ბუტა ანთაძე საავადმყოფოში მიყვანიდან ერთ საათში გარდაიცვალა. დაკავებულია, წარსულში წვრილმანი ხულიგნობისთვის ნასამართლევი 27 წლის მამაკაცი.