საპროტესტო აქცია ოზურგეთში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძლედებოდა, ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ნასაკირალის პოლიციის შენობაში შეჭრას ცდილობდა და ამ ფორმით საკრებულოსთან გამართული აქციის დროს დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვდა. ოზურგეთის საკრებულოსთან სოფლის მცხოვრებლები საპროტესტო აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბესო ქათამაძის ცემას აპროტესტებდნენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ. პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს საკრებულოს წევრებიც, რომელმაც სავარაუდოდ ბესო ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ვინმეს თუ გონია რომ გურიაში ეს მღელვარება ჩაცხრება. სანამ ეს ადამიანები, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ვგულისხმობ, არ დატოვებენ საკრებულოს, ძალიან ცდება"-აცხადებს ნიკა მელია.
"ნაციონალური მოძრაობა" სამართალდამცველებს სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად 48 საათს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ორშაბათს შეიკრიბებიან და ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას მოსთხოვენ, იმისათვის, რომ დამნაშავეებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ.