„ქართული ოცნების“ ლიდერები პრემიერობის კანდიდატთან ერთად მთავრობის ახალ წევრებზე მსჯელობენ. შეხვედრას, როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება.
რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას მათი გაერთიანების გზით. მთავრობის მცირე კონცეფციასთან დაკავშირებით, განცხადებას პრემიერობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთებს. თუმცა სამინისტროების გაერთიანებას კანონში ცვლილებების სჭირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერობის კანდიდატმა ჯერ მინისტრობის ყველა კანდიდატი უნდა დაასახელოს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სულ 14 მინისტრი უნდა დაასახელოს.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციას, მათ ნაწილს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, თეა წულუკიანთან კითხვები აქვს, ნაწილი კი ამბობს რომ იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს.
ასევე ცნობილია, რომ ცვლილებები იქნება ეკონომიკურ გუნდში, დიდი ალბათობით, თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს დიმიტრი ქუმსიშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილის შემცვლელად მაია ცქიტიშვილი და გიორგი ბაჩიაშვილი განიხილებიან.
თუ ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრობიდან ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლებს, მაშინ მას მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე კი საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი მოიაზრება. არსებული ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მას აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე შეცვლის.