მინისტრობის კანდიდატებმა მმართველი გუნდის წევრების შეკითხვებს უპასუხეს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ შეხვედრა უკვე საპარლამენტო უმრავლესობასთან გაგრძელდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა მინისტრობის იმ კანდიდატებს, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის დროს აქტიურად თანამშრომლობდნენ პარლამენტთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობა მინისტრთა ახალ კაბინეტთან უფრო მჭიდრო გახდება.
თამარ ჩუგოშვილი დაინტერესდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პოზიციით ამ საკითხთან მიმართებაში.
მამუკა ბახტაძემ პირობა დადო, რომ მასთან ერთად ყველა მინისტრი აქტიურად ჩაერთვება ამ პარლამენტთან ურთიერთობაში.
„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრი ისევე, როგორც ყველა მინისტრი ჩემს კაბინეტში, იქნება აქტიურად ჩართული ამ პროცესში. ჩვენ გვაქვს ისეთი ტიპის გამოწვევები, რომელიც გულისხმობს კოორდინაციის ძალიან მაღალი ხარისხის ქონას,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც საპარლამენტო უმრავლესობა დაინტერესდა, ეს სტრუქტურული ცვლილებებია. დეპუტატებმა იკითხეს, მოხდება თუ არა შემცირებები რეალურად.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, 11 სამინისტრო სრულიად საკმარისია ქვეყნის ეფექტიანი მართვისთვის.
„ნამდვილად ვთვლი, რომ დღეს საქართველოს 11 სამინისტროზე მეტი ეფექტური მმართველობისთვის არ სჭირდება. ეს არის, ბუნებრივია, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვინაიდან მე პარლამენტში მოვდივარ პროგრამით და ეს გახლავთ პროგრამის განუყოფელი ნაწილი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ძალოვანი უწყებების მუშაობას უკავშირდებოდა ანრი ოხანაშვილის კითხვა, რომელიც დაინტერესდა, რა რეფორმებს გეგმავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამ მიმართულებით.
მამუკა ბახტაძის განმარტებით, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება, თუნდაც, იმ უწყებაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და ახალი მთავრობის მიერ ეს პროცესი იქნება ფინანსურად მხარდაჭერილი.
„მთავარია პრინციპია ადამიანი, მისი ღირსება და თავისუფლება. ეს მოითხოვს ამ ფასეულობის ძალიან მაღალი სტანდარტის დაწესებას, ეს მოითხოვს ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს ჩვენს პოლიციაში. ჩვენ ყველას ერთად კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გიორგი გახარია, სადაც ახორციელებს ამ რეფორმებს, რა დარგშიც იქ არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები და ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც სრულად პასუხობს, განვაცხადო, რომ მხარდაჭერილი იქნება ფინანსური რესურსით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.