20 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"ხორხოცობთ, ტყუილებს ტირაჟირებთ... მონობა არ არის პარლამენტარის დავალება" - შელაპარაკება ბოკუჩავას და გაბუნიას შორის

ეკონომიკური ბლოკის მინისტრების მოსმენა ხმაურით დასრულდა. ოპოზიციის შეკითხვებს უმრავლესობის წევრების პროტესტი და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

დაპირისპირების მიზეზი თინათინ ბოკუჩავას განცხადება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თინა ბოკუჩავას განცხადებას "ამაზრზენი" უწოდა მმართველი გუნდის წევრმა, ზაზა გაბუნიამ.

„პოლიციელის მკვლელობის დანაშაული თინა ბოკუჩავამ ენმ-ის სტილში, ფაბრიკაციით, დეზინფორმაციის გზით, უსინდისო ტყუილის გამოყენებით დაუკავშირა ხის გადატანის პროცესს, რაც არის უსინდისო ტყუილი, რაც არის აბსოლუტურად ალოგიკური და დაუსაბუთებელი ბრალდება. ხის გადატანა და პოლიციის მკვლელობა აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან,“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას უპასუხა თინა ბოკუჩავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ზაზა გაბუნიამ ისარგებლა იმით, რომ ის დარბაზიდან იყო გასული და მოახდინა სიცრუის ტირაჟირება.

„ბატონმა ზაზამ სრულიად ურცხვად გააკეთა განცხადება მას შემდეგ, რაც მე დატოვებული მქონდა ეს დარბაზი და შესაბამისად, არ მექნებოდა შესაძლებლობა, რომ მისთვის გამეცა პასუხი. აი, ეს არის ზუსტად სიცრუე, აი, ეს არის ზუსტად სირცხვილი და ბატონო ზაზა, დიახ, თქვენ ხართ სახე ქართული ოცნების იმ მარაზმისა, რაც ხდება აქ, რომ ორკვირიან მთავრობას გვამტკიცებინებინებთ სრულიად  ფორსირებულ რეჟიმში, სადაც ელემენტარულად კითხვების დასმის საშუალებასაც არ გვაძლევთ და შემდეგ ხორხოცებთ, ტყუილებს ტირაჟირებთ აქ. ამ უმრავლესობაში ერთი დეპუტატიც კი არ გამოიძებნებით, რომელიც დაიცავთ ან პარლამენტის ღირსებას და თქვენს პირად ღირსებას, როგორც დეპუტატების. ძალიან ვწუხვარ, ბატონებო, იმიტომ, რომ მონობა არ არის პარლამენტარის დავალება და ამოსავალი წერტილი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

დღის ამბები