ქართული მხარის შეფასებას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შესახებ "აბსურდული თეზისი" უწოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო უწყების მიერ მედიისთვის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შეხვედრაზე ქართული მხარე შეეცადა პოლიტიკური კუთხით გადაეთამაშებინა საკუთარი მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის დაღუპვის ტრაგიკული ინციდენტები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი, რეგიონში ნატოს წარმომადგენლობის გააქტიურებასთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.