მთავრობის დამტკიცების შემდეგ პარლამენტი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ მუშაობას დღეიდან დაიწყებს. ამ საკითხზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კენჭისყრის შემდეგ შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართეს. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. გაუქმდება სასჯელაღსრულების უწყება, რომლის ფუნქციებსაც იუსტიციის სამინისტრო შეითავსებს. ორად იყოფა დევნილთა სამინისტრო. მისი ფუნქციები ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში გადანაწილდება. კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი განათლების სამინისტროსთან გაერთიანდება. მთავრობის შემადგენლობაში ფინანსთა, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვლებიან.
"მე არ მეგულება სამინისტრო, სადაც სერიოზული პროგრესი არ ჰქონდეთ და სტრატეგიული მიმართულებების არ ჰქონდეს შემუშავებული სამომავლოდ. დღეს გვარებზე ლაპარაკი ზედმეტია, თავად მამუკა წარმოადგენს კადრების საკითხებსაც და სტრუქტურასაც"-აცხზადებს გია ვოლსკი.
ოპოზიცია არც ამ ცვლილებას დაუჭერს მხარს და მას ფასადურს უწოდებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" კვირიკაშვილის მთავრობის დროს შემცირებულ სამინისტროებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თანხების დაზოგვის ნაცვლად, მათი დაფინანსება გაიზარდა.
"კადრების შემცირება ეს არის კარგი იდეა, მაგრამ ეს არ უნდა დავიდეს რაღაც ტექნიკურ შერწყმამდე,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
იგივე პოზიციას იზიარებენ "ევროპულ საქართველოში" და ისევ კვირიკაშვილის მმართველობის პერიოდში ანალოგიური გადაწყვეტილების წარუმატებლობის მაგალითი მოჰყავთ.
"სტრუქტურული ცვლილებები იმ ზოგადი სახით რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არანაირ ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გულისხმობს იმიტომ, რომ 7 თვის წინაც ვნახეთ კვირიკაშვილისგან და არცერთი კაპიკით არ შემცირებულა ხარჯები,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.