20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
ოპოზიცია მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება და ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს

მარია ზახაროვას განცხადება ხელისუფლების რბილი პოლიტიკის დადასტურებაა - ასე ეხმაურება ოპოზიცია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებას საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები რუსეთისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს. სამთავრობო გუნდში კი განმარტავენ, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით მკაფიო და პრაგმატული ხედვა აქვს.

"ჩვენ გვაქვს ძალიან სწორი, პრაგმატული რაციონალური პოლიტიკა რუსეთის მიმართ და ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები,"-აცხადებს ირაკლი კობახიძე.

"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია და საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე აღარ განიხილება. 

​"როცა ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი გაქებს, ადასტურებს იმას, რომ საქართველოს მთავრობის საქმიანობის შედეგად უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დასავლეთსა და რუსეთს შორის, როცა შეერთებული შტატების თუ მსოფლიო ლიდერები ხვდებიან პუტინს, საქართველოს საკითხს ისინი აღარ წამოჭრიან,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება შესაძლოა სამთავრობო ცვლილებებსაც უკავშირდებოდეს.  

"ამ განცხადების გაკეთება შესაძლოა დავუკავშიროთ ამ სამთავრობო ცვლილებებსაც იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრის უკანასკნელი ვიზიტი იყო ნუ დაგავიწყდებათ შეერთებულ შტატებში. რუსეთისთვის ყოველთვის ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც ხედავენ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან წარმატებული ურთიერთობების მაგალითი. შესაძლოა რუსეთს ჰქონდეს მოლოდინი რომ ეს სამთავრობო ცვლილებები მათთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები