20 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
"ბუნებრივია ის იქნება ჩართული" - ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ მთავრობის ფორმირების პროცესში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვება

ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კონსულტაციებში ჩაერთვება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან ერთად კი ცვლილებების პაკეტის დამუშავებაში მონაწილეობას მიიღებენ, ახალი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე.

„ამოცანა არის ის, რომ მივიღოთ ეფექტური სტრუქტურა. ასევე მნიშვნელოვანია ის თუ შიგნით როგორ იქნება ჩაშლილი ამოცანები სამინისტროებში. ამ ყველაფერზე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებებს,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ  მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობს შიგნით სამინისტროებში მართვის სისტემის მოწესრიგებას.

მისივე თქმით ცვლილებები იქნება პერსონალური თვალსაზრისითაც.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბატონ მამუკასთან. მისი პოზიცია არის, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს პერსონალური თვალსაზრისითაც. კონკრეტულად რა სახით განხორციელდება ეს ცვლილებები, ეს არის ბატონი მამუკას გადასაწყვეტი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას ამ პროცესში, ირაკლი კობახიძის განცხადებით ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ფორმირების საკითხში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის რანგში ჩაერთვება.

„რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება სხვადასხვა ფორმატში კონსულტაციები. მათ შორის  იგივე პოლიტსაბჭოს ფორმატში. როგორც მოგეხსენებათ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არის  პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბუნებრივია ის იქნება ჩართული ამ კონსულტაციების პროცესში,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცვლილებების მიხედვით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. კერძოდ, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება, დევნილთა სამინისტროს ფუნქციებს ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გადაინაწილებენ. კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი განათლების სამინისტროს შეუერთდება.

დღის ამბები