საპარლამენტო ოპოზიცია არ ელოდება, რომ სტრუქტურული ცვლილებებით მთავრობა შეძლებს ბიუროკრატიული ხარჯები შეამციროს. მათ მაგალითისთვის გიორგი კვირიკაშვილის დროს განხორციელებული სამინისტროების გაერთიანება მოჰყავთ, რომლის შემდეგაც, როგორც ოპოზიცია ამბობს, არაფერი შეცვლილა.
„ჩვენ წინა მთავრობის შემთხვევაში ვნახეთ საზოგადოებისთვის ნათქვამი ცალსახა ტყუილი, როდესაც საუბრობდნენ მცირე მთავრობაზე და სამინისტროების გაუქმების შემდეგ, შემცირდა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტობრივად მინისტრის პორთფელები, ხოლო ბიუროკრატია დარჩა იგივე რაოდენობით,“-განაცახდა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი ინტერესდება როგორ გადანაწილდება იმ სამინისტროების ბიუჯეტი, რომლებიც გაუქმდება. სალომე სამადაშვილის განცხადებით თუ ეს სახსრები სხვა უწყებებზე გადანაწილდება მაშინ გამოდის, რომ რეალურად ბიუროკრატიული ხარჯები არ იცვლება.
„თუ ის რაც ახლა იხარჯება ერთ სამინისტროზე გადანაწილდება სხვა სამინისტროებზე, ან სხვა სახელმწიფო უწყებებზე ეს რა თქმა უნდა არ იქნება ბიუროკრატიული ხარჯების დანაზოგი და ეს გათვლები ჩვენ ჯერ არ გვინახავს. ამიტომ რეალურად არ ვიცით დაიზოგება თუ არა ამითი ბიუჯეტის სახსრები,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.