20 ნოემბერი 2024,   05:35
ვრცლად
მთავრობის ფორმირების პროცესი - პრემიერის და საპარლამენტო უმრავლესობის კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება 

კონსულტაციები მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან დღესაც გაგრძელდება.

მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ საბოლოო შეთანხმებისთვის კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო. მამუკა ბახტაძესა და მმართველი გუნდის წევრების გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების"  დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ გვარები არ განუხილავთ.

ასევე არ არის გამორიცხული ცვლილებები შეეხოს იმ უწყებებსაც, რომლებზეც აქამდე საუბარი არ ყოფილა.

„რაც საინფორმაციო ველზე გამოვიდა ინფორმაცია სამინისტროების გაერთიანების თაობაზე, ეს მსჯელობის საგანია. საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. რაც შემიძლია გითხრათ, დანაზოგი იქნება ოპტიმიზაციიდან გამომდინარე,“-განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მამუკა ბახტაძე სამინისტროების ოპტიმიზაციას კადრების შემცირების გარეშე გეგმავს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მთავრობის ფორმირებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.  

„სანამ მთავრობის სადავეები არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, არც პრემიერ-მინისტრის ცვლილებით, არც მინისტრების ცვლილებით არაფერი არ შეიცვლება,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინათინ ბოკუჩავა.

ცვლილებებს ერთი ადამიანის შოუდ მოიხსენიებს „ევროპული საქართველო“.

„ჩვენი შეფასება, „ევროპული საქართველოსი“ არის მკვეთრად უარყოფითი იმისა, რაც ხდება მთავრობაში. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ერთ ადამიანის შოუ, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ისე მართავს ამ პროცესს, როგორც თვითონ უნდა. ისე ხსნის და ნიშნავს პრემიერებს, რომ არავის არ ეკითხება. ამის შედეგია ის, რომ მივიღეთ აბსოლუტურად პოლიტიკურად უცნობი პრემიერ-მინისტრი,“-ამბობს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები