თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია გამოკითხვებს იწყებს. დღეს მოკლული არასრულწლოვნების მშობლებს მოუსმენენ. სხდომა ამ წუთებში იწყება.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქმის მასალები შესწავლილია და ბევრი კითხვა არსებობს. სერგი კაპანაძის თქმით, თუ არ იქნება ამ კითხვებზე ადეკვატური პასუხები გაცემული, კიდევ უფრო მეტი ეჭვი გაჩნდება.
„ჩვენ გავეცანით ფაქტობრივად ყველა მასალას, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, როგორც სასამართლოდან ისე სამართალდამცავი ორგანოებიდან და დღეს ვიწყებთ ახსნა-განმარტების მოსმენას. პირველები იქნებიან დაზარალებულების ოჯახები. კითხვები ბევრი არის და თქვენ მოისმენთ ამ კითხვებს ორშაბათს-სამშაბათს. დარწმუნებული ვარ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ნათელი მოეფინოს რა მოხდა ხორავას ქუჩაზე და მერე რატომ არ იქნა გამოძიება მიყვანილი ბოლომდე.
ამ კითხვებზე პასუხები არის უაღრესად მნიშვნელოვანი და თუ ამ კითხვებზე არ იქნა პასუხი გაცემული მეტი ეჭვი გაჩნდება“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი განცხადებით, კომისიის ფარგლებში დაიბარებენ ყველა პირს, რომლებსაც შეხება ჰქონიათ ამ საქმესთან.
კაპანაძის თქმით, ორშაბათიდან კომისიის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და ბრალდებული მხარის წარმომადგენლების დაბარება დაიწყება.