პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმის პროკურორის გამოკითხვა იწყება. ზვიად ფხაკაძე პარლამენტში უკვე მივიდა. სხდომა ამ წუთებში იწყება. ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ის საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მიაწვდის მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას. ასევე ისაუბრებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუ როგორ დაიწყო და შემდეგ გაგრძელდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაული.
ფხაკაძის თქმით, იმის გამო, რომ საქმე ეხებოდა ეხებოდა არასრულწლოვნებს და პროცესები მიმდინარეობდა დახურულ რეჟიმში, მათ არ ჰქონდათ საშუალება იმისა, რომ საქმის მასალები და ინფორმაცია გაესაჯაროებინათ.
„ბრალდების მხარე, კონკრეტულად მე კომისიას მივაწვდი, სრულ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით და ასევე სრულყოფილად გავცემთ პასუხს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს გააჩნია.
მოგეხსენებათ, სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე სხდომა იყო დახურული, რითაც შესაძლებლობა გვქონდა მოკლებული იმისა, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სრული ინფორმაცია საქმის გარემოებებთან მიმართებით, დღეს ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.
ვსაუბრობთ, იმ გარემოებებზე რაც უშუალოდ ეხება თუ როგორ განვითარდა მოვლენები 2017 წლის 1 დეკემბერს, თუ ვის მიერ მოხდა დანების გამოყენება, რა ვითარებაში მოხდა დანების გამოყენება. რა თქმა უნდა, მსჯავრდებულების ინტერესებიდან დავიცავთ მათ კონფიდენციალურობას.
მესამე პირის დაჭრასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ, ვისაუბრებთ ყველა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს გააჩნია“- განაცხადა ზვიად ფახაკაძემ.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც არის დაბარებული.