მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით სწორედ ხვალ გაიმართება პირველი მთავრობის სხდომა, სადაც ის გააკეთებს განცხადებას სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება.
„მე სანამ მთავრობის სხდომა დაიწყება მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ თუ როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. მე შემიძლია დღეს დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი როგორც მე განვაცხადე. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება კითხვას დარჩება თუ არა თეა წულუკიანი მთავრობის ახალ შემადგენლობაში, პრემიერი ამბობს, რომ პარლამენტში მთავრობა განახლებული შემადგენლობით წარდგება.
„ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ ჩვენ გვექნება პრეზენტაცია ახალი სტრუქტურის, სადაც დეტალურად აგიხსნით და მოგიყვებით ყველაფერს,“-განაცხადა ბახტაძემ.