20 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
გუნდში ახალი სისხლი, შემართება ყოველთვის საჭიროა - საპარლამენტო უმრავლესობა სამთავრობო ცვლილებაზე საუბრობს

„ქართული ოცნების“ წევრები მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მცირე მთავრობის იდეა არის ერთ-ერთი გამოსავალი ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.

მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, ვინ დარჩება ახალ მთავრობაში. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ გუნდისთვის ახალი სახეები და ახალი ენერგია მნიშვნელოვანია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანთან დაკავშირებით გააკეთა.

„ამ პრობლემის ცოტა გაზვიადება ნამდვილად მოხდა. ყველას გვესმის და ყველა საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ამ სექტორში არსებობს, მაგრამ მე ვთქვი და მინდა გავიმეორო, ყოველთვის ადამიანის სუბიექტური წვლილი ამ პრობლემების შექმნაში რამდენად დიდია, ყოველთვის უნდა იქნას დანახული და განსაზღვრული, ეს ისეთი სფეროა, სადაც მაინცდამაინც ერთ ადამიანზე გადავიტანოთ მთელი აქცენტი, რომ მის გამო არის ის მოცემულობა, რაც არის, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება,“- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამინისტროების გაერთიანებაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ ეს უწყებების შერწყმა ეფექტურობას ემსახურება.

„ყველა სამშენებლო პროექტი იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროები, რომლებიც არაპროფილურები არიან მშენებლობის კუთხით, მაგრამ გარკვეული მშენებლობის წარმოება უწევდათ, მათ ეს ფუნქცია აღარ ექნებათ და ერთი სამინისტროს ქვეშ იქნება ყველაფერი ეს მოყრილი... გუნდში ახალი სისხლი, შემართება ყოველთვის საჭიროა - “- განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა.

„მეც მაქვს ხომ კითხვები, თუნდაც რა პრინციპით ერთიანდება კულტურისა და განათლების სამინისტროები. ნებისმიერი ასეთი ცვლილებები მცირე მთავრობა იქნება თუ როგორც იქნება, თვითონ უნდა მოირგოს ქვეყანამ, როგორც შეესაბამება მის ინდივიდუალურ განვითარებას. თუ ეს შემოქმედებითი მდგომარეობა იქნება, შემოქმედება, მაშინ, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება და არა ახლა იმის გამო, რომ ვინმეს ვეპრანჭოთ, არა კანონს დავწერთ,“- განაცხადა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა პაპუაშვილმა.

მთავრობაში დარჩება მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეს არის ოპტიმალური რაოდენობა, რომ ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები