20 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ვეძებოთ კარგი მენეჯერები - საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე 

მმართველი გუნდის ნაწილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად განათლების სამინისტროსთან კულტურისა და სპორტის სამინისტროს შერწყმას კრიტიკულად აფასებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი კი უწყებების გაერთიანებას მიესალმებიან.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ მან პრემიერს შეხვედრაზე შესთავაზა, რომ ხელოვნების დარგები სამინისტროს გამოჰყოფოდა და პრემიერს დაქვემდებარებოდა. ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პრემიერსა და საპარლამენტო უმრავლესობის შორის გამართულ კონსულტაციაზე მისი ინიციატივა მამუკა ბახტაძემ მოინიშნა, თუმცა, არ გაითვალისწინა.

„როგორც ჩანს, პრემიერს აქვს მიზანი და იცის ეტყობა და ჰგონია, ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სასიკეთო ცვლილებებს გამოიწვევს. თეორიულად ლამაზად ჩანს, ძალიან ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი სული, შემოქმედება და ჭკვიანი თავი, მაგრამ ერთობაში ეს, ვერ ვარ მომართული იქითკენ, რომ ეს პასუხისმგებლობა გავიზიარო. სახელოვნებო რაც არის, რაც ითხზვება, ეს ხელოვნების დარგები, რაც გვაქვს, ქართული კინო, ქართული თეატრი, მუსიკა, ქორეოგრაფია, ხელოვნების დეპარტამენტად მაინც უნდა გამოყოფილიყო და ცალკე დაქვემდებარებოდა პრემიერს და ამ წინადადებით მივმართე კიდეც მაშინ და ჩაინიშნა და ვიფიქრებო და როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის ჩაითვალა საჭიროდ ასე,“ - განაცხადა ქანთარიამ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, თეიმურაზ ჭკუასელი სამინისტროების მსგავს გაერთიანებას მიესალმება. თეიმურაზ ჭკუასელის თქმით, თითოეულ მიმართულებას კურატორი ეყოლება და სწორედ მათზეა დამოკიდებული განვითარება.

"მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ უქმდება. აქ ტერმინოლოგიაზეა საუბარი. მინისტრი იყო კულტურის მინისტრი და ახლა აღარ იქნება კულტურის მინისტრი, მაგრამ კულტურას ხომ ეყოლება ხელმძღვანელი, კურატორი. წარმოვიდგინოთ, რომ თემურ ჭკუასელი ხელმძღვანელობს კულტურას, რა მერქმევა მე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია საქმე გავაკეთო კარგად, რასაც ვაკეთებ. ანუ პიროვნებებზეა დამოკიდებული და არა სამინისტროზე. აქედან გამომდინარე ვეძებოთ კარგი მენეჯერები, რომლებიც იმ დარგს გაუძღვებიან კარგად,"-განაცხადა ჭკუასელმა. 

პრემიერის გადაწყვეტილებით, 14 სამინისტროდან მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები