ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ეფექტურად გამოყენებისთვის მმართველი გუნდი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ მსჯელობის საგანია თუ როგორ უნდა მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება ამ სიასთან დაკავშირებით. ასევე განსასაზღვრია სანქციების ფორმებიც.
„აქ არის საუბარი მათ ფინანსურ აქტივობაზეც. მაგალითად ბანკში ანგარიშების გახსნაზე, ქვეყნის გადაკვეთაზე. შესაბამისად აქ უკვე იმუშავებს ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს შორის არსებული ის ხელშეკრულებები, რომელიც სამართლებრივ დახმარებაზე მიუთითებენ და გულისხმობენ. თუ კი მოხდება მაგალითად პირი არის წითელი ცირკულარით ძებნილი და ის ამ სიაშია შეტანილი, ეს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს შესაბამისი პროცედურების აღსრულებას. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ეს ბიჭები არიან ძებნილები. ყველა კონკრეტულ ქეისს თავის სპეციფიკას გააჩნია. შესაბამისად ამ მოცემულობიდან გამომდინარე აქტივობებიც ადეკვატური და ანალოგიური იქნება,“ -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რომელ ქვეყნებს გადაეგზავნება სია, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს. სოფო ქაცარავა ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება.
„აქტიურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ ადეკვატური რეაგირება მოხდეს ამ სიის მიმართ და სიაში შეყვანილი პირების წინააღმდეგ. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია არის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით,“-განაცხადა სოფო ქაცარავამ.
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანი მოხვდა. შავ სიაში შევიდა ყველა ის პირი, რომელმაც დანაშაული 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩაიდინა. მათ შორის გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირები.